მოსკოვი ”არ დახუჭავს თვალს” ნატოს გაფართოებაზე

რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია არ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს და აუხსნის საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს ”თავიანთ მეზობლებთან პატივსაცემი და ცივილიზებული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

”იტარ-ტასთან” ინტერვიუში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე 19 იანვარს გამოქვეყნდა, მან განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გახსნის ”შესაძლებლობის ფანჯარას” რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად.

რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი არ არის წინააღმდეგი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-უკრაინის და აშშ-საქართველოს ქარტიების, რომლებსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი.

”ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობისა რომელიმე სახელმწიფოსთან და უკრაინა და საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენენ ამ თვალსაზრისით,” – განაცხადა მან, ”ამავე დროს, ჩვენ არ ვაპირებთ თვალი დავხუჭოთ ისეთ სიტუაციაზე, როდესაც ამ ურთიერთობის ვექტორს უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ზიანს აყენებს მეზობელ ქვეყნებთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ურთიერთობებს”.

”ეს თავისი არსით მთლიანად ეხება ანტი-რუსული პროექტის ხელშეწყობას, რომელიც ითვალისწინებს კიევის და თბილისის დაჩქარებულ მიერთებას ნატოსთან,” – განაცხადა რიაბკოვმა. ”მისი შედეგები ყველასთვის კარგადაა ცნობილი: უკრაინაში ჩვენ დესტაბილიზაციის ახალი ტალღის მოწმენი ვართ, მაშინ როცა საქართველოს ხელმძღვანელობის ნატოს ამბიციები სამცხრეთ ოსეთში სისხლიანი ტრაგედიით დასრულდა”.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)