პრემიერ-მინისტრი სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში გაემგზავრება
პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ ”დამაკმაყოფილებელია”, თუმცა ის გერმანიაში გაემგზავრება სამკურნალოდ, განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ნიკა ყიფშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, მგალობლიშვილი გუშინ საღამოს გაეწერა საავადმყოფოდან, სადაც 17 იანვარს ”წნევის მცირედი ცვალებადობის” გამო მოათავსეს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ”მცირედი იშემიური მოვლენები” აღენიშნებოდა.
ყიფშიძის განცხადებით, 19 იანვარს ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის გამართული კონსილიუმის შედეგად გადაწყდა პრემიერ-მინისტრის მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება.
”ბატონი გეგა გეგმიური წესით – ეს არავითარი სასწრაფო არ არის – გაემგზავრება გერმანიაში,”- განაცხადა ყიფშიძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს იანვრის დასაწყისში გერმანიაში კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს, სადაც მას ნეფროპათიის (ინფექციის შედეგად გამოწვეული თირკმლის ანთებითი პროცესი) დიაგნოზი დაუსვეს.
მგალობლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ირგვლივ პრესაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დატოვა საქართველო და ის თანამდებობიდან წასვლასაც აპირებდა. თუმცა მგალობლიშვილი 11 იანვარს დაბრუნდა საქართველოში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება განაგრძო. 13 იანვარს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა მის ”მწყობრში” ჩადგომას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)