ლავროვი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთი გადახედავს თავის ურთიერთობებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც გააგრძელებენ იარაღის მიწოდებას საქართველოსთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 იანვარს.
”ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ იქიდან, თუ როგორ იქცევიან სხვა ქვეყნები. თუ ისინი ფაქტების იგნორირებით გააგრძელებენ თავდასხმითი ტიპის იარაღის მიწოდებას საქართველოსთვის, მაშინ ჩვენ გამოვიტანთ დასკვნას ამ ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით,”- იუწყება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ავალებს რუსეთის მთავრობას ”შეზღუდონ ან შეწყვიტონ სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა” იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს რუსული ან საბჭოთა წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას მიაწვდიან. მედვედევი ასევე მოუწოდებს მთავრობას მიიღონ სპეციალური ეკონომიკური ზომები იმ ქვეყნების ან უცხოური კომპანიების და მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიარაღებას მიწვდიან საქართველოს. ამასთან, განკარგულების მიხედვით, 2011 წლის 1 დეკემბრამდე რუსეთი საქართველოს იარაღის ემბარგოს უწესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ თემაზე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მურატ ჯიოევთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა. ლავროვმა და ჯიოევმა გაცვალეს რატიფიცირების სიგელები მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებისა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა და პრეზიდენტმა მედვედევმა სექტემბერში მოაწერეს ხელი. ანალოგიური შეთანხმება გაფორმდა სეპარატისტულ აფხაზეთთანაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)