ეუთოს უმაღლესი კომისარი ცხინვალში არშეშვების გამო წუხს

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა განაცხადა, რომ იგი წუხს იმის გამო, რომ მას კვლავ უარი უთხრეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში შესვლაზე.

”მე მინდოდა ცხინვალში ჩასვლა,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში 20 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ. ”მე ადრეც ვეცადე, როგორც იცით [ოქტომბერში საქართველოში ვიზიტის დროს]; და კვლავ უარი მითხრეს, რაც ჩემს მანდატს აშკარად ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც მე ყველა იმ ადგილას შესვლის უფლება უნდა მქონდეს, სადაც ეუთოა წარმოდგენილი. ამის გამო ძალიან ვწუხვარ”.

21 იანვარს ეუთოს უმაღლესი კომისარი აფხაზეთს ეწვევა. მისი თქმით, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე განხილულ იქნება ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება გალის რაიონში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)