”ინტერ რაოს” ხელმძღვანელი აფხაზეთს სტუმრობს
რუსულმა სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაომ” და აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 20 იანვარს განაცხადეს, რომ ისინი ეძებენ ”თანამშრომლობის მოდელებს”, რაც ასევე ითვალისწინებს ინვესტიციებს რეგიონის ენერგოსექტორში.
”ინტერ რაოს” ხელმძღვანელი ევგენი დოდი 20 იანვარს სოხუმს ეწვია და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გამართა მოლაპარაკებები. ერთი დღით ადრე აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია იმ მემორანდუმის გამო, რომელსაც საქართველომ და ”ინტერ რაომ” მოაწერეს ხელი და რომელიც ენგურჰესის ერთობლივ მართვას ითვალისწინებს.
ევგენი დოდთან შეხვედრის შემდეგ ბაღაფშმა გაიმეორა, რომ ის ენერგოობიექტები, ენგურჰესის გენერატორების ჩათვლით, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზეთის სახელმწიფო საკუთრებაშია, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
ევგენი დოდმა ჟურნალისტებს სოხუმში განუცხადა, რომ საქართველოსთან ხელმოწერილ მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს.
”განიხილება სხვადასხვა მიდგომები, რადგანაც ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ როგორც აფხაზეთთან, ისე საქართველოსთან,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ევგენი დოდის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ ვდილობთ გამოვნახოთ ის მოდელი, რომელიც პირველ რიგში ენერგოსექტორისთვის იქნება შესაფერისი”.
”აფხაზეთის და საქართველოს ენერგოსექტორები ორ სხვადასხვა პარალელურ პროცესებს წარმოადგენენ. ჩვენ ვმუშაობთ აქ [სოხუმში], ისევე როგორც იქ [თბილისში] და განვიხილავთ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებს. თავად მემორანდუმი რაიმე კონკრეტულს არ ითვალისწინებს,” – განაცხადა დოდმა, ”ჩვენ ვცდილობთ კომპრომისის გამონახვას მხარეთა ინტერესების შელახვის გარეშე; {პროცესის] შემდგომ განვითარებას მაშინ იხილავთ, როდესაც ჩვენს აფხაზ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის მოდელზე შევთანხმდებით”.
აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ”ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა რეზო ზანტარიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთის ენერგოსისტემას ინვესტიციები სჭირდება.
”ამ ეტაპზე ჩვენ შემოთავაზებებს განვიხილავთ და ეს ხანგრძლივი პროცესია,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ზანტარიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენი თანამშრომლობის მოდელი ჯერ არ არის განსაზღვრული”.
მან ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ”ინტერ რაოსთან” ერთობლივი ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც რეგიონის ენერგოსექტორის მდგომარეობას შეისწავლის, რათა განისაზღვროს საჭირო ინვესტიციების ოდენობა.
ევგენი დოდმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ენერგოსექტორი ”კარგი და საინტერესოა ბიზნესია… ამიტომაც, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო პროექტია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)