პრეზიდენტი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 იანვარს, 15 საათიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.

კითხვები გადაცემის ფარგლებში, რომელიც სამ საათს გასტანს, ტელეფონის (402 402), მოკლე ტექსტური შეტყობინების (1011) და ელექტრონული ფოსტის (president@1tv.ge) მეშვეობით დაისმება. ასევე სხვადასხვა ადგილიდან განხორციელდება პირდაპირი ჩართვები.

მოსახლეობასთან ამ ტიპის კომუნიკაცია პირველად ეწყობა საქართველოში. ანალოგიური ტელე-კონფერენციები ამჟამინდელი პრემიერის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდიდან ყოველწლიურად იმართება რუსეთში.

”ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მომავალშიც განხორციელდება,”- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ლევან ყუბანეიშვილმა.

ტელევიზიის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ტელეფონის საშუალებით უკვე 1 000, ხოლო ელექტრონული ფოსტით 500-ზე მეტი შეკითხვა იყო დასმული პრეზიდენტის მისამართით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)