მოსკოვისთვის ქართული ბაზების ინსპექტირებაზე უარი მიუღებელია

საქართველო ცდილობს დამალოს სამხედრო დანაყოფების განლაგების ადგილმდებარეობა, რადგან უარი უთხრა რუსეთის ფედერაციას ბაზების ინსპექტირებაზე, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 22 იანვარს.

რუსეთის ფედერაციამ ქართული მხარისაგან უარი მიიღო თხოვნაზე ეუთოს ვენის 1999 წლის დოკუმენტის შესაბამისად მიეღო დაშვება ქართული ბაზებზე შეფასებითი ვიზიტისა და სავერიფიკაციო ინსპექციის განხორციელების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს ”ფორს-მაჟორი” მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოაცხადა და ამის მთავარ მოტივებად  აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ”უხეში დარღვევა” დაასახელა;  ამასთან, განაცხადა, რომ მოსკოვს ინსპექტირების უფლებას არ მისცემს მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

”რუსულ მხარეს არ შეუძლია მიიღოს თბილისის განმარტება ”ფორ-მაჟორის” გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს დისკრიმინაციული ხასიათი და მიმართულია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, ”ქართული მხარის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება [ვენის 1999 წლის]  დოკუმენტის სულისკვეთებას და არ შეიძლება დარჩეს პოლიტიკური შედეგების გარეშე”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა დელეგაციამ დეკემბერში ჟენევის შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ თბილისი არ ასრულებს მედევედევი-სარკოზის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების თაობაზე, რაზეც ”ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია დაჟინებით სთავაზობდა ჩვენს ექსპერტებს ჩასულიყვნენ საქართველოში, შეემოწმებინათ და საწინააღმდეგოში დარწმუნებულიყვნენ”.

”თბილისის ამჟამინდელი გადაწყვეტილება, რომ არ იქნან რუსი ინსპექტორები დაშვებული თვალნათლივ მიუთითებს, რომ ეს განცხადებები არ იყო გულწრფელი და საქართველოს აქვს რაღაც დასამალი თავისი სამხედრო დანაყოფების დისლოკაციასთან დაკავშირებით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული მხარის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ”საშიშ სიახლოვეს” კვლავ დგანან ქართული დანაყოფები, რომელთა დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებას ”კონტროლი” ესაჭიროება. 

”ვაპირებთ ამის მიღწევა გავაგრძელოთ მომავალშიც,”- აცხადებს სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)