საგარეო უწყება: რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებზე თბილისის პოზიციის დამახინჯებას ცდილობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი შეეცადა თბილისის მიერ ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოხატული პოზიციის ”დამახინჯებას”, განაცხადა რა, რომ ქართული მხარის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მიეღოთ რუსი ინსპექტორები ქართული სამხედრო ბაზების შესამოწმებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს განაცხადა, რომ ინსპექტირება მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 17-18 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებებზე შესთავაზა რუსული მხარის წარომადგენლებს ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ადგილზე გაცნობოდნენ ვითარებას, რათა დაედგინათ საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების ფაქტი. ამ შეთანხმების თანახმად, ქართული სამხედრო შენაერთები თავიანთი დისლოკაციის ადგილებს უნდა დაბრუნებოდნენ.

23 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ დეკემბერში ჟენევის მოლაპარაკებების დროს მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ინციდენტების აღკვეთის მექანიზმები.

”განხილულ ზომებს შორის იყო ასევე ე.წ. ”ერთობლივი ვიზიტების” გახორციელების საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების, მათ შორის მოდერატორთა (ეუთო, გაერო, ევროკავშირი) ვიზიტს მგრძნობიარე რეგიონებში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. ”პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავდა, რომ რუსეთსა და საქართველოს უნდა შეძლებოდათ ერთობლივად და საერთაშორისო ორგანიზაციების თანდასწრებით მოენახულებინათ ცხინვალში, ახალგორში, გორში ან სხვაგან განლაგებული სამხედრო ნაგებობები”.

”ერთობლივი ვიზიტების” ცნება, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს და მოლაპარაკებათა ყველა მონაწილეს, როგორც ჩანს, რუსეთის გარდა, კარგად ჰქონდა ეს გაცნობიერებული. სწორედ ნაცვალგების პრინციპის გამო, რუსეთმა არ გაიზიარა აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ტექსტი,” – დასძინა საგარეო უწყებამ.  

რუსეთის ფედერაციამ ქართული მხარისაგან უარი მიიღო თხოვნაზე ეუთოს ვენის 1999 წლის დოკუმენტის შესაბამისად მიეღო დაშვება ქართული ბაზებზე შეფასებითი ვიზიტისა და სავერიფიკაციო ინსპექციის განხორციელების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს ”ფორს-მაჟორი” მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოაცხადა და ამის მთავარ მოტივებად  აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ”უხეში დარღვევა” დაასახელა;  ამასთან, განაცხადა, რომ მოსკოვს ინსპექტირების უფლებას არ მისცემს მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

”აღნიშნულ კონტექსტში, ჟენევის მოლაპარაკებათა ჩარჩოში განხილულ ‘ერთობლივ ვიზიტთა’ საკითხი არანაირ კავშირში არ არის ვენის 1999 წლის დოკუმენტის ფორმატთან, რომლის საფუძველზეც რუსეთმა მოითხოვა შეფასებითი ვიზიტისა და სავერიფიკაციო ინსპექციის განხორციელება,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მისი განცხადებით, რუსეთს მას შემდეგ მოუწია საქართველოს პოზიციის დამახინჯება და დემაგოგობა,  რაც ვერ მოიპოვა ”სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტები” ბაზების ინსპექტირებაზე მოთხოვნის გასამართლებლად. .

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)