საქართველო და ევროკავშირის მისია ძალების გადაადგილების გამჭირვალობაზე თანხმდებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 26 იანვარს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების ”გარკვეულ შეზღუდვებს” ითვალისწინებს, განაცხადა ევროკავშირის მისიამ.

მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოაწერეს ხელი, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ მისიის წინასწარ ინფორმირებასაც ითვალისწინებს.

”მემორანდუმი ხელს უწყობს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების პირველი პუნქტის შესრულებას, რომელიც ძალის გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს,” – აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, წარმოადგენს ”გაბედულ ნაბიჯს.”

”მანამ სანამ ეს ხელშეკრულება ძალაში იქნება, მისიას საშუალება ექნება გასცეს ’დადებითი ცნობა’ და განაცხადოს რომ საქართველოს არ შეეძლება ადმინისტრაციული საზღვრების მიმართულებით ესკალაციისათვის საკმარისი პოტენციალის მქონე ძალის მობილიზება,” – განაცხადა ჰაბერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს გამჭირვალობის ეს პრინციპი.

”თუ რუსეთი გადაწყვეტს მსგავსი საპასუხო ხელშეკრულების გაფორმებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უფრო მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა იქნება შესაძლებელი. რუსეთმა ნათელი უნდა მოჰფინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი მისი ძალების საერთო რაოდენობას და ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს ძალები შეამციროს,” – განაცხადა ჰაბერმა. 

მან სევე აღნიშნა, რომ მემორანდუმი ”არ ნიშნავს სტატუს კვოს დიპლომატიურ აღიარებას.”

”საქართველოს პოზიცია, ისევე როგორც ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)