ილია მეორე რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ვერ დაესწრება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 29 იანვარს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრება რუსეთის ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას და მის ნაცვლად 30 იანვარს მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრება.
”მე ვფიქრობდი წასვლას მოსკოვში და მონაწილეობის მიღებას რუსეთის პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციაში, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ შევძლებ,”- განაცხადა პატრიარქმა სატელევიზიო მიმართვაში კლინიკიდან, სადაც ვირუსული ინფექციით 27 იანვარს მოათავსეს.
ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქმა ”ძლიერი ინფექცია გადაიტანა” და მას რამოდენიმე დღე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.
ილია მეორე მოსკოვს დეკემბერში რუსეთის ყოფილი პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ მედვედევთან გამართა შეხვედრა. 11 დეკემბერს თბილისში დაბრუნებისას პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მისი ვიზიტის პოზიტიური იმპულსი და განაგრძოს დიალოგი რუსეთთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)