PACE მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ ასამბლეის ოქტომბრის რეზოლუციის განხორციელების შეფასებაა.  

საქართველო მიესალმა დოკუმენტის საბოლოო ტექსტს, რომლის თავდაპირველ პროექტში ასამბლეაში გამართული დებატების შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. საქართველოს დელეგაციის აზრით, თავდაპირველი პროექტის ტექსტი არც თუ ისე ძლიერად გმობდა რუსეთს ასამბლეის ოქტომბრის რეზოლუციის შეუსრულებლობის გამო.

განსხვავებით პირველადი ვარიანტისგან, საბოლოო ტექსტი ოქტომბრის რეზოლუციის დებულებებს იმეორებს და მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. 

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა ”გმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიაჩნია” – ეს პუნქტი პირველად პროექტში არ ყოფილა. 

საბოლოო ტექსტი ასევე შეიცავს პუნქტს, რომელიც პირველად ვერსიაში არ იყო და რომლის თანახმადაც ასამბლეა ”გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რაიონებში, ასევე ახალგორში, პერევში და ზემო აფხაზეთში [ზემო კოდორის ხეობა] და კონფლიქტის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებში”.

დოკუმენტი ასევე ”გმობს ეთნიკურ წმენდას [თავდაპირველ ტექსტში ეწერა ”მიმდინარე ეთნიკური წმენდა”] და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების წარუმატებლობას შეაჩერონ ამგვარი პრაქტიკა და დამნაშავეები დასაჯონ”.

ასამბლეა ასევე ”წუხს იმის გამო, რომ რუსეთმა ჯერ არ შეასრულა იმ მოთხოვნების უმეტესობა,” რომელიც ოქტომბრის რეზოლუციაშია დაყენებული მაშინ, როცა  საქართველომ ”შეასრულა ბევრი, თუმცა არა ყველა მოთხოვნა”.

რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა 29 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთისგან იმის მოთხოვნა, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების თაობაზე, ”უნაყოფოა”.

”რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს საუკუნეებზეა გათვლილი,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” გრიზლოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერს 29 იანვარს, რომ ამ რეზოლუციით რუსეთმა ”ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი იგემა” ასამბლეაში ბოლო წლების მანძილზე.

”გუშინდელმა დებატებმა უჩვენა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სერიოზულად შელახა რუსეთის რეპუტაცია საპარლამენტო ასამბლეაში,” – წერს ”კომერსანტი”, ”ნახევარი წლის წინ რუსეთის დელეგაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო ასამბლეაში და შესწევდა უნარი თავიდან აეცილებინა არახელსაყრელი რეზოლუციები. მაგრამ ახლა, რუსეთის ბევრმა მომხრემ გადაწყვიტა, რომ აღარ არის მართებული მოსკოვის საჯაროდ მხარდაჭერა”.

ასამბლეისთვის ასევე ”მიუღებელია”, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებზე არ ვრცელდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები. ”დაცვის ამ შავი ხვრელების შესავსებად” ასამბლეამ შესთავაზა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც ითვალიწინებს საველე წარმომადგენლობის ჩამოყალიბებას ორ სეპარატისტულ რეგიონში, ასევე ომბუდსმენის დანიშვნას, რომელიც შეამოწმებს ინდივიდუალ განაცხადებს ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ”შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს” და მოუწოდებს თბილისს დაუყონებლივ ”განახორციელოს” რეკომენდაციები, რომელთაც ვენეციის კომისია წარმოადგენს.

რეზოლუციამ ასევე დაავალა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს გააკონტროლოს რეზოლუციის შესრულება და 2009 წლის აპრილში წარუდგინოს შესაბამისი მოხსენება.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)