თავდაცვის მინისტრმა 2009 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა

თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება, განათლებასა და წვრთნაზე ფოკუსირება, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ერთწლიან პრიორიტეტებს წარმოადგენს.

”მინისტრის ხედვა 2009”, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე 2 თებერვალს გამოქვეყნდა, მოიცავს იმ მიმართულებებს, რომლებიც ”გამომდინარეობს არსებული, სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების გარემოდან, შესაძლო სამხედრო აგრესიისაგან თავდაცვის საჭიროებისა და ქვეყნის უსაფრთხოების  უზრუნველყოფის სხვა ამოცანებიდან”. მასში ასევე ასახულია აგვისტოს ომის შემდგომი რეალობით ნაკარნახევი გადაუდებელი ღონისძიებები.

დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: საჰაერო თავდაცვის სისტემის სრულყოფის მიზნით საჰაერო თავდაცვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას; სამხედრო საჰაერო ძალების; ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას; სამხედრო დაზვერვის სისტემის ეტაპობრივი ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავებას; ასევე შეიარაღებული ძალების საერთო მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით ”ოპერატიული მართვის ცენტრის” განვითარებას. 

2009 წელს სამინისტრო ასევე აპირებს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციის შემუშავებას, ”აგვისტოში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით”.

დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულება “ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის” თავდაცვის კომპონენტის გადახედვა, რის შემდეგაც თავდაცვის სექტორის ძირითადი პრიორიტეტები საბოლოოდ გამოიკვეთება, ”თუმცა საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება მომდევნო წლებშიც რჩება მუდმივ პრიორიტეტად”.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს ”განსაკუთრებული ყურადღების” ქვეშ მოექცევა რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულ და დაზარალებულ მოსამსახურეთა ოჯახების სოციალური დახმარების გაგრძელება და ომის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია. 

თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე 2009 წელს ასევე გეგმავს უწყების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გაფართოებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს მიზანია ნატო-სთან თანამშრომლობის მიმდინარე და ახალი ფორმატების  – ნატო-საქართველოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის  – ფარგლებში შემუშავებული მოთხოვნების შესრულება და ნატო-ს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება. ამასთან, კვლავ პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო სამშვიდობო და ანტიტერორისტულ მისიებში ქართული ძალების მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)