ჰააგის სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ
ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ იმ რეგულარული კონსულტაციების ფარგლებში, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც აგვისტოს ომის მოვლენები სასამართლოს პროკურორის წინასწარი მოკვლევის საგანი გახდა.
23 ივნისს დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაზა ქაჩიბაიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია რუსული ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ.
"უცხოელ ექსპერტებს საკმაოდ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ეთნოწმენდაზე, ქართველი მოსახლეობის განდევნაზე და ქართული სოფლების მიზანმიმართულ განადგურებაზე. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ დანაშაულებზეც, რომლებსაც დღემდე ადგილი აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზაზა ქაჩიბაიამ.
აგვისტოს ომიდან ცოტა ხნის შემდეგ, 20 აგვისტოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო საქართველოში ომის შესახებ ინფორმაციის ანალიზს ახორციელებდა.
რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანაა; ამრიგად, სასამართლოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებზე და გენოციდზე იურისდიქცია გააჩნია.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის თანახმად, პროკურორის ოფისმა რუსეთის და საქართველოს მთავრობებისგან ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში გამოითხოვა, რაზეც მათ ორივე ქვეყნიდან პასუხები მიიღეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მარტში ჰააგაში იმყოფებოდა, სადაც ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ლუის მორენო ოკამპოს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)