სოხუმისთვის მხოლოდ გაეროს მისიის შეცვლილი მანდატია მისაღები

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმისთვის  მისაღებია მხოლოდ გაეროს სადამკვირვებლო მისიის შეცვლილი მანდატი, იუწყება ”აფსნიპრესი” 4 თებერვალს. 

”ჩვენ ვემხრობით აფხაზეთში მხოლოდ გაეროს საერთაშორისო წარმომადგენლობას,”- განაცხადა შამბამ, ”მაგრამ ჩვენ იმდენად არ გვჭირდება საერთაშორისო ყოფნა, რომ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო დათმობებზე წავიდეთ. ჩვენ ახლა გვაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოხუმს სურს გაეროს მისია იწოდებოდეს, როგორც მისია ”აფხაზეთში” და არა ”საქართველოში” და ასევე ხელახლა განისაზღვროს გაეროს სამხედრო დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონა.

თუ ეს პოზიცია არ იქნება გათვალისწინებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, რომელიც მანდატის გაგრძელების საკითხს თებერვალში განიხილავს, შამბას თქმით,”შესაბამისად, აღარ იქნება აქ არანაირი მისია და არანაირი მანდატის გაგრძელება”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სოხუმი კატეგორიული წინააღმდეგია გაეროს სადამკვირვებლო მექანიზმების ევროკავშირით ჩანაცვლების. 

”თავის დროზე ჩვენ ევროკავშირის მეტი ნდობა გვქონდა, ვიდრე გაეროსი, თუმცა ახლა ევროკავშირის პოზიცია [აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმის გამო] ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,”-  განაცხადა შამბამ.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი არ იქნება წინააღმდეგი ევროკავშირის დამკვირვებლები ჩაერთონ ჭუბურხინჯის ოთხმხრივ მოლაპარაკებებში, თუ ამ შეხვედრების რეანიმირება მოხდება. ეს შეხვედრები 2006 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

”ჩვენ დაინტერესებული ვართ ჭუბურხინჯში ყოველკვირეული ოთხმხრივი შეხვედრების აღდგენაში,”- აღნიშნა შამბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმი მომხრეა გაგრძელდეს გაეროსა და ეუთოს ყველა ის პროექტი, რომელთან ეს ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სფეროში ახორციელებენ აფხაზეთში.

ეს განცხადებები შამბამ სოხუმში 4 თებერვალს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიერ მორელთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან იოჰან ვერბეკესთან და ეუთოს ბერძნული თავმჯდომარეობის წარმომადგენელთან ხარლამპოს ხრისტეპოლუსთან შეხვედრაზე გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)