მთავრობა დეპუტატებს ”ენგურჰესზე” მემორანდუმს აცნობს
მთავრობამ რუსულ კომპანია ”ინტერ რაო”-სთან ”ენგურჰესთან” დაკავშირებით ხელმოწერილი მემორანდუმი დღეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს გააცნო.
დოკუმენტი, რომელიც არ არის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, კვლავ კონფიდენციალური რჩება ფართო საზოგადოებისათვის, რადგანაც ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ იგი ”კომერციულ საიდუმლოებებს” შეიცავს.
”მხოლოდ ერთი პუნქტია [მემორანდუმში], რომელიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და ის ეხება ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს,” – განუცხადა დეპუტატმა პაატა დავითაიამ Civil.Ge-ს 5 თებერვალს. ”[ენერგეტიკის] მინისტრმა [ალექსანდრე ხეთაგურმა] სხვა პუნქტებზე საჯაროდ ისაუბრა და ამ კუთხით ახალი არაფერია”.
”როგორც დავპირდით, ვუჩვენეთ მათ [საპარლამენტო უმცირესობას] დოკუმენტი და მათ ნახეს, რომ მემორანდუმში არაფერია პრობლემური ჩვენი ქვეყნისთვის,” – განუცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს 5 თებერვალს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე მემორანდუმს ხელი დეკემბრის ბოლოს მოაწერა.
იანვარში ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ასპექტია ”ინტერ რაოს” მიერ თურქეთში ”ენგურჰესის” მეშვეობით ელექტროენერგიის ექსპორტი.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოსა და ”ინტერ რაოს” შორის შეთანხმება მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, რაც მხარეები ხელს მოაწერენ იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტს. დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ იგი მოითხოვს სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის ხელმოწერამდე, კონტრაქტის შედგენის პროცესის გაკონტროლების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)