რუსულ მხარეს ოსური მოსახლეობა ავტობუსებით გაჰყავს ცხინვალის რეგიონიდან – დავითაია
რუსულ მხარეს ცხინვალის რეგიონიდან ავტობუსებით გაჰყავს ოსური მოსახლეობა და ეს არის PR-აქცია ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის ვიზიტის წინ, რათა აგვისტოს ომის შემსწავლელ ექსპერტებს დაცარიელებული რეგიონის სურათი დაახვედრონ, განაცხადა დეპუტატმა უმცირესობიდან პაატა დავითაიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
დავითაიამ, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიას თავმჯდომარეობდა, მოუწოდა მთავრობას რუსული მხარის ამ ”პროვოკაციაზე” მკვეთრი რეაგირება მოახდინოს.
”PR-ული ომი საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, გრძელდება ძალიან ცუდ ფორმებში,”- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაიზიარა დავითაიას მოსაზრება და განაცხადა: ”ეს კეთდება იმის გამო, რომ მომავალ კვირაში ევროკავშირის საგამოძიებო მისიას დაახვედრონ დამძიმებული სურათი – თითქოსდა ოსური მოსახლეობისგან დაცლილი ცხინვალის და მიმდებარე ტერიტორიების”.
მან პარალელი გაავლო აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ოსური მოსახლეობისგან ცხინვალის ”დემონსტრატიული ფორმით” დაცლის აქციასთან.
”მე ცხადია არ ვადარებ იმ შემთხვევას დღევანდელ მდგომარეობას,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”მაგრამ ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, როცა ასეთ შოუებს დგამს რუსეთი, როგორც წესი, ამას ყოველთვის აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი და მიზანი”.
მან ასევე განაცხადა, რომ დავითაიას მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩებს დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობს. შეხვედრა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)