გაეროს გენმდივანი აფხაზეთში უსაფრთხოების დროებითი სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია ”არსებული კონფიგურაციით და განლაგების სქემით” დარჩეს საქართველოში და ასევე დასახა ღონისძიებები უსაფრთხოების ახალი სისტემის უზრუნველსაყოფად.
აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ მოხსენებაში, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს, გენერალურმა მდივანმა ექვსი ამოცანა დასახა, რომელთა განხორციელების საშუალებაც მისიას უნდა მიეცეს.
ეს ამოცანები ითვალისწინებს ფაქტიურად იგივე მანდატს, რომელიც მისიას ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე ჰქონდა და რომელიც ითვალისწინებს რეგულარულ პატრულირებას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, ასევე კოდორის ხეობაში; ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებას და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობას; მხარეების დახმარებას უსაფრთხოების ურთიერთშეთანხმებული რეჟიმის შემდგომი განვითარების საქმეში; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განსახორციელებელ ქმედებებს და ქართველი და აფხაზი სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებას; ურთიერთობას ყველა შესაბამის მხარესთან, ასევე უშიშროების და შეიარაღებულ ძალებთან დაძაბულობის აღკვეთის მიზნით;
გენერალური მდივნის მიერ დასახული მეექვსე ამოცანა ითვალისწინებს მხარეების მხრიდან უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების რეჟიმის ყველა ელემენტის შესრულების მონიტორინგს და არსებული დარღვევების გამოძიებას.
მოხსენებაში, რომელიც 5 თებერვალს გამოქვეყნდა, პან გი მუნმა ასევე წარმოადგინა წინადადებები უსაფრთხოების თაობაზე შესაძლო ხუთპუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება გარკვეულწილად იმეორებს ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების ელემენტებს. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო ამ შეთანხმებიდან გამოვიდა.
გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული პუნქტები, რომლებიც ”ეფექტური უსაფრთხოების რეჟიმის საფუძვლად მიიჩნევა”, შემდეგია:
- ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი დაცვა ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში და მტრული ქმედებებისგან თავის შეკავება;
- შეიარაღებული ძალების და შეიარაღების არსებობის აკრძალვა ”უსაფრთხოების ზონაში” – აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მდებარე 12-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც მოსკოვის შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ამ ღონისძიების თანახმად, დაშვებული იქნება პერსონალური მსუბუქი იარაღით აღჭურვილი არაუმეტეს 600 სამართალდამცავის ყოფნა თითოეული მხრიდან. ”შეზღუდული შეიარაღების ზონის” მსგავსი ზონის შექმნა – რომელიც უფრო დიდი იქნება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მოსკოვის შეთანხმებით გათვალისიწნებული 24-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაზე და სადაც დაუშვებელი იქნება მძიმე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების, საარტილერიო სისტემების და ნაღმტყორცნების განლაგება;
- ზემოხსენებულ ზონებში სამხედრო თვითმფრინავების და უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების აკრძალვა;
- ზემოხსენებულ ზონებში შეიარაღებული პერსონალის და აღჭურვილობის განთავსებაში რაიმე ცვლილებების შესახებ წინასწარი ინფორმირება;
- თითოეული მხარის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფა, რომელიც, მათ შორის გაეროს ხელშეწყობით, ურთიერთობას დაამყარებს როგორც რეგულარულ, ისე არარეგულარულ საფუძველზე, ინფორმაციის გაცვლის, დაძაბულობის აღკვეთის და ინციდენტების მოგვარების მიზნით.
”მოცემული ელემენტები არ წარმოადგენს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ რეჟიმს და არც მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებებს აკნინებს,” – განაცხადა პან გი მუნმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს რეჟიმი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, სანამ არ იქნება მიღწეული ახალი შეთანხმება ”ყოვლისმომცველი უსაფრთხოების რეჟიმის” თაობაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ხელმოწერილი მემორანდუმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცალმხრივად დათანხმდა შეეზღუდა საკუთარი ძალების განთავსება აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში.
თავის მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უამრავი ინციდენტი მოხდა, მათ შორის მსხვერპლით, ორივე მხარეს.
”სიტუაციის შემდგომი გაუარესება არ არის გამორიცხული,” – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, ამჟამად რუსული ძალების რაოდენობა გალის რაიონში ერთ ბატალიონს შეადგენს დამხმარე კომპონენტებით.
დეკემბერში, გაეროს მისიამ შენიშნა რუსული მძიმე სამხედრო შეიარაღების კოლონა, მათ შორის ტანკები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომელიც გალის რაიონში შედიოდა, კერძოდ 12-კილომეტრიან ”უსაფრთხოების ზონაში” ადმინისტრაციულ საზღვართან.
რუსული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალების განთავსება რეგიონში მოხდა ხუთ ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, კერძოდ ზემო გალის რაიონიდან შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სოფლებში: ლეკუხონა, საბერიო, ჭუბურხინჯი, ნაბაკევი და სანაპიროზე მდებარე საგუშაგოზე.
გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, დეკემბერში გალის რაიონის ქვემო ნაწილში გამოჩნდნენ აფხაზური სამხედრო კოლონები, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა T-55 ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სატვირთო მანქანები, რომლებზეც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იყო დამონტაჟებული.
რაც შეეხება კოდორის ხეობას, რომლის ზემო ნაწილსაც აგვისტოს ომამდე ქართული მხარე აკონტროლებდა, იქ მყოფი რუსული ბატალიონის შტაბი სოფელ გენწვისშია განთავსებული. მოხსენების თანახმად, რუსულმა ძალებმა კიდევ ხუთი საგუშაგო გახსნეს ზემო კოდორის ხეობაში, მათ შორის ხიდას და კალამრი-სუხის უღელტეხილებზე.
აფხაზური მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზამთრის პერიოდისთვის ხეობაში 172 მაცხოვრებელი დარჩა. მოხსენების თანახმად, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა ადგილობრივ მკვიდრს, რომელთა საერთო რაოდენობაც 2 000-ს შეადგენს, შეუძლია უკან დაბრუნება, თუ ისინი აფხაზურ პასპორტებს აიღებენ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან. ზემო კოდორის მოსახლეობამ ხეობა მაშინ დატოვა, როცა აგვისტოში იქ რუსული დ აფხაზური ძალები შევიდნენ.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა ახალი პოსტები შექმნეს და ”კობრას” ტიპის 22 მსუბუქი ჯავშანმანქანა განათავსეს, რამაც ”ხელი შეუწყო დაძაბულობის შეგრძნების გაჩენას”.
მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება შეიცავს მოწოდებას გაეროს სადამკვირვებლო მისიის დარჩენის თაობაზე, გენერალური მდივნის წინა მოხსენებებისგან განსხვავებით, ბოლო მოხსენებაში არაფერია ნათქვამი თუ რა კონკრეტული ვადით უნდა მოხდეს მისიის მანდატის გაგრძელება.
პან გი მუნმა განაცხადა, რომ გაეროს მისიის გარშემო არსებული სიტუაცია აგვისტოს ომის შემდეგ გაურკვეველი რჩება. ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭომ, ჟენევის მოლაპარაკებების წინ, მხარი დაუჭირა მანდატის ტექნიკურ გაგრძელებას ოთხი თვის ვადით. თუმცა, ჟენევის მოლაპარაკებებზე ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული. აფხაზეთის აღიარების შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის ცალკე გაეროს მისიას მოითხოვს, რომელსაც არანაირი კავშირი აღარ ექნება თბილისის მისიასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)