რუსეთი არ აპირებს უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბაზების მშენებლობაზე – ივანოვი
რუსეთის გადაწყვეტილება განათავსოს სამხედრო ბაზები სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ”არ გადაიხედება”, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა 8 თებერვალს მიუნჰენში.
”რუსეთის გადაწყვეტილება ამ ორი სახელმწიფოს აღიარებაზე, იქ მცირე სამხედრო ბაზების განთავსებაზე იმისათვის, რომ აღიკვეთოს მორიგი – მეხუთე თუ მეექვსე მცდელობა საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალით გადაწყვიტოს ეს პრობლემა – ეს გადაწყვეტილებები არ გადაიხედება,”- განაცხადა მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”საქართველოს თემა განხილვის ფორმატში ფაქტიურად არ იდგა”.
ივანოვმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ასევე გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, სადაც წინასწარი ცნობით, ასევე უნდა ემსჯელათ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული ბაზების განთავსების გეგმებთან დაკავშირებით.
ნატომ, ევროკავშირმა და აშშ-მ შეშფოთება გამოთქვეს ამ გეგმებთან დაკავშირებით და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)