ვაშაძე ტალიავინს შეხვდა
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი დღეს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა და გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, კომისიამ უკვე გამოგზავნა ის კითხვები, რაც ქართული მხარისგან აინტერესებთ და ძირითადად, ეს კითხვები ეხება, თუ ”რა მოვლენები უძღვოდა წინ რუსულ აგრესიას საქართველოში, როდის დაიწყო ის ზუსტად, როდის დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა და ა.შ.”
”ამას სჭირდება სერიოზული წერილობითი მომზადება,”- განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალიავინთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მაგრამ თანამშრომლობას, გახსნილობას და ტრანსპარენტულობას ქართული მხარე შეპირდა ამ კომისიას შექმნისთანავე და ჩვენ ამ პირობას შევასრულებთ”.
ჰეიდი ტალიავინი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს.
ეს საგამოძიებო მისიის ფარგლებში მისი მეორე ვიზიტია საქართველოში. თბილისში ჩამოსვლამდე ის მოსკოვს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)