მეორე არხთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება – ბაქრაძე

მეორე არხის ბაზაზე პოლიტიკური არხის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე არხის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ”BBC”-თან, ასევე მუშაობს არხის ტექნიკურ გადაიარაღებაზე, მათ შორის არხის მიერ მთელი საქართველოს დაფარვის მიზნით.

”ამ ყველაფერს სჭირდება დრო და ფინანსები,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”მოგიწოდებთ უფრო მეტი საჯარო დისკუსიისკენ ამ თემაზე, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ პროცესი მიდის ამ ინიციატივის თანდათან შესასრულებლად”.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოაწყოს საჯარო დისკუსიები მეორე არხის რეორგანიზაციის თაობაზე.  

მეორე არხის პოლიტიკურ ტელეარხად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება ბაქრაძემ ნოემბრის დასაწყისში გაახმოვანა და განაცხადა, რომ არხი რეორგანიზაციის შემდეგ პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკური პარტიების განცხადებებსა და პრესკონფერენციებს პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ ხელისუფლებას ეს დაპირება შეახსენა და მისი შესრულების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)