ეუთოს ორი დამკვირვებელი ოსმა ”ბოევიკებმა” გაიტაცეს – შსს
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ორი ოფიცერი გაიტაცეს დღეს,დაახლოებით 10:30 საათზე გორის რაიონის სოფელ აძვთან შეიარაღებულმა ოსმა ”ბოევიკებმა”, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებულები ამჟამად ცხინვალში ჰყავთ დაკავებული.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს და ოკუპაციური არმიის სარდლობას მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ უარყო ეუთოს ორი დამკვირვებლის დაკავება და განაცხადა, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაუშვეს დოკუმენტების შემოწმების შემდეგ.
”ეუთოს ორმა წარმომადგენელმა სამშაბათს, დილის 10:20 საათზე გადმოკვეთა საქართველოს და სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციული] საზღვარი და საზღვრის გადაკვეთისას ისინი არცევის მილიციის განყოფილების თანამშრომლებმა გააჩერეს. მას შემდეგ, რაც გაესაუბრნენ მათ, ეუთოს თანამშრომლები გაუშვეს,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” სეპარატისტული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ეუთოს მისიას ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)