ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია ორი ოფიცრის დაკავების ინციდენტით

ეუთოს თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა ”ღრმა შეშფოთება” გამოთქვა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მილიციის მიერ ეუთოს ორი დამკვირვებლის დროებით დაკავების ინციდენტის გამო, რამაც დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.

”დღევანდელი ინციდენტი ეწინააღმდეგება იმ დიპლომატიურ იმუნიტეტს, რომლითაც ეუთოს წარმომადგენლები, მათ შორის სამხედრო მონიტორინგის ოფიცრები არიან აღჭურვილი. ეს არაა მისაღები. მე მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს იმოქმედოს კონსტრუქციულად უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით,”- განაცხადა ბაკოიანისმა 10 თებერვალს და ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ”დაძაბულობის შემცირების და რეგიონში სტაბილურობის აღდგენის საქმეში”.

ეუთოს ცნობით, მისი ორი ოფიცერი სოფელ აძვისთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან სამხრეთით რეგულარულ პატრულირებას ახორციელებდა, როდესაც შეიარაღებულმა ოსმა მებრძოლებმა მათ საბუთები მოსთხოვეს, მათი დიპლომატიური მანქანა გაჩხრიკეს და გოიათას მილიციაში გადაიყვანეს. შემდეგ, ეუთოს ოფიცრები სოფელ არცევის საგუშაგოზე მიიყვანეს და თითქმის სამი საათის შემდეგ თავიანთ თავდაპირველ ადგილსამყოფელზე დააბრუნეს და გაათავისუფლეს.

”მათ [ეუთოს დამკვირვებლებმა] თავისი საქმე ხელის შეუშლელად უნდა აკეთონ,”- განაცხადა ბაკოიანისმა, ”თუმცა ჩემთვის შვების მომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ სიტუაცია სწრაფად განიმუხტა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)