სასჯელაღსრულების მინისტრს ოპოზიციასთან დიალოგი ოფიციალურად დაევალა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შემდგომი დემოკრატიული რეფორმების თაობაზე დიალოგის რეჟიმში იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს მოაწერა ხელი.

”სამუშაო ჯგუფი რეალურად შედგება ყველა იმ მსურველისგან, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებში მიიღებს მონაწილეობას,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს.

დიმიტრი შაშკინმა ”უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების” შექმნის მიზნით თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

”ჩვენ მივმართავთ როგორც პარლამენტს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დავიწყოთ დიალოგი ერთად, შევიმუშავოთ რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც ჩავატარებთ წარმატებულ რეფორმებს,”- განაცხადა მან.

დიმიტრი შაშკინს, რომელიც ახალი სახეა მთავრობაში, კარგად იცნობენ პოლიტიკურ წრეებში, რადგან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) რეგიონალური კოორდინატორის რანგში მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა პოლიტიკურ ჯგუფებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)