ეუთოს დამკვირვებლები კიდევ ოთხი თვით დარჩებიან
ეუთოს 56 ქვეყანა 12 თებერვალს შეთანხმდა გაუგრძელოს 20 უიარაღო დამკვირვებელს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ყოფნის მანდატი 30 ივნისამდე.
19 აგვისტოს ეუთომ მიიღო გადაწყვეტილება ”დაუყონებლივ” განეთავსებინა 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე 6 თვის ვადით.
”მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2009 წლის 30 ივნისამდე გააგრძელოს 2008 წლის 19 აგვისტოს მიღებული 861-ე გადაწყვეტილება, ეუთოს დარჩენაზე მუდმივმოქმედი საბჭოს შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე,” – ნათქვამია ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
”ეუთოს დამკვირვებლების მანდატის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ ყველა სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ ორგანაზაცია მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო მცდელობებისა რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით,” – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა 12 თებერვალს, ”დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონსენსუნსის საფუძველზე ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ეუთო შეძლებს თავისი მნიშვნელოვანი საქმის კეთებას რეგიონში მცხოვრები ყველა ხალხისთვის და დაეხმარება გადაუდებელი ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარებას”.
ეუთოს მისიის მანდატი საქართველოში შეწყვეტილია მას შემდეგ, რაც დეკემბერში რუსეთმა მის გაგრძელებას ვეტო დაადო. ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი ჩართულია ამ საკითხზე კომპრომისური გამოსავლის გამოძებნის საქმეში. ბაკოიანისის ვიზიტი საქართველოში მიმდინარე კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)