აშშ-ის დაზვერვის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს შესახებ
აშშ-ს დაზვერვის ახალმა დირექტორმა დენის ბლერმა განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”პოტენციურ ცხელ წერტილებად” რჩება, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციის ”მზარდი კრიტიკის” წინაშე დგას.
”რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა და ამ რეგიონებთან [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან] რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, მზარდ ძალადობასთან ერთად აჩენს პროვოკაციების, გადამეტებული რეაქციების და არასწორი გათვლების რისკს, რაც თავის მხრივ ბრძოლის განახლებას საშიშროებას იწვევს,” – განუცხადა მან აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტს 12 თებერვალს.
საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბრისას აშშ-ს დაზვერვის უფროსმა განაცხადა: ”მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დასტაბილურდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან მზარდი კრიტიკის წინაშე დგას და მისი რეაქცია ამ კრიტიკაზე ან გაზრდის, ან უკან დახევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”.
კომიტეტისთვის მომზდებულ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ს წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებას ეხება, დენის ბლერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჯარისკაცების რაოდენობის და მათი მომზადების დონის შემცირებისა და შეიარაღების მოდერნიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ”რუსეთის სამხედრო ძალებმა დაამარცხეს საქართველოს სამხედრო ძალები შარშან ზაფხულში”.
”ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსკოვიც აძლიერებდა თავის კონვენციურ სამხედრო ძალას, რათა ის საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად ექცია, აქცენტი გაეკეთებინა საკუთარ პოლიტიკურ აღორძინებაზე და დაემტკიცებინა მისი დომინანტური როლი მეზობელ სახელმწიფოებზე, როგორიც საქართველოა,” – განაცხადა მან.
აშშ-ს დაზვერვის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი გარკვეულ მზადყოფნას იჩენს შეცვალოს ურთიერთობები აშშ-სთან, ისეთი საკითხები, როგორიცაა ნატოს გაფართოება, კონფლიქტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ”კვლავ სირთულეებს უქმნის ურთიერთობებს”.
”იმის მიუხედავად, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკებები აწარმოოს სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების შემდგომი ეტაპის თაობაზე, მოსკოვი გამუდმებით ხაზს უსვამს, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება რისკს შეუქმნის იარაღის კონტროლის არსებულ რეჟიმებს და მოლაპარაკებებს და შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის კონტრქმედებები სამხედრო კუთხით და ასევე ზეწოლის გაზრდა თბილისის და კიევის წინააღმდეგ,” – განაცხადა დენის ბლერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)