ახალი მემარჯვენეები ალასანიას პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავენ
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პრეზიდენტად ირაკლი ალასანიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
”სააკაშვილის გადადგომის შემდეგ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე არ მიიღებს მონაწილეობას და ის მხარს დაუჭერს სხვა კანდიდატს – ირაკლი ალასანიას. ჩემთვის და ახალი მემარჯვენეებისთვის ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მე ამ განცხადებას ვაკეთებ ირაკლისთან შეუთანხმებლად,”- განაცხადა გამყრელიძემ 22 თებერვალს, პირველი არხის საკვირაო თოქ-შოუში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას.
გამყრელიძე 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, სადაც მან ხმათა 4% დააგროვა.
”დღეს ნამდვილად სჭირდება საქართველოს ისეთი ტიპის ახალი ლიდერი, როგორიცაა ირაკლი ალასანია,”- განაცხადა მან, ”კარგი პრეზიდენტი იქნება ირაკლი ალასანია იმიტომ, რომ პირველ რიგში, ის არასდროს არ მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას და ჩათვლის, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი, რომ მან ერთადერთმა უნდა მართოს ეს ქვეყანა და გადაწყვიტოს, ის არასოდეს არ ააწყობს ურთიერთობებს რუსეთთან, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, ის არასდროს არ მიუდგება კერძო საკუთრებას, მეწარმეს, მფლობელს იმ პრინციპებით, როგორც უდგებოდა მიხეილ სააკაშვილი. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”.
მისი თქმით, სააკაშვილის შესაცვლელად ძლიერი ალტერნატიული ძალაა საჭირო.
”ჩვენ ყველა ერთად – ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, ირაკლი ალასანია და მისი გუნდი – შევქმნით ძლიერ ალტერნატივას,”- განაცხადა გამყრელიძემ.
ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა პოლიტიკური ალიანსი დეკემბერში გააფორმეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)