შსს ოტობაიადან 50 ოჯახის ”გამოდევნაზე” იტყობინება
გალის რაიონში აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ იქნა სოფელ ოტობაიას მკვიდრი ირაკლი ბიგვავა, რომელმაც მოგვიანებით მოახერხა სეპარატისტებისგან თავის დაღწევა და გადმოვიდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 თებერვალს.
”სეპარატისტების მიერ სოფელ ოტობაიადან ასევე გამოდევნილი იქნა 50 ოჯახი, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას,” – იუწყება შსს.
ამავე ცნობით, გალის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა დამატებით 30 ერთეული მძიმე ტექნიკა განალაგეს.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები შეხვდნენ რამოდენიმე ამ ადამიანს, რომელთაც განუცხადეს დამკვირვებლებს, რომ ”ისინი თავიანთი სახლებიდან გუშინ შუადღისას გამოაძევეს”. მათ ასევე განუცხადეს ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომ სეპარატისტებმა გააფრთხილეს მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნებულიყვნენ, როცა ბიგვავა დაბრუნდებოდა აფხაზეთში. მისიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დამკვირვებლებმა დაახლოებით 40 ადამიანი ნახეს, თუმცა დასძინეს, რომ ”შესაძლოა მათი რაოდენობა მეტი იყოს”.
აფხაზურმა მხარემ უარყო გალის რაიონიდან ქართული ოჯახების განდევნის და ასევე დამატებითი რუსული ტექნიკის შეყვანის ფაქტი. გალის რაიონული მილიციის უფროსმა ლოურენს კოღონიამ და აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ განუცხადეს ”აფსნიპრესს”, რომ ქართული მხარე განზრახ ძაბავს სიტუაციას რეგიონში აფხაზეთში ჰეიდი ტალიავინის დაგეგმილი ვიზიტის წინ.
შვეიცარელი დილომატი ჰეიდი ტალიავინი ევროკავშირის საგომიძიებო მისიას ხელმძღვანელობს, რომელიც აგვისტოს ომს იძიებს. ”აფსნიპრესის” ცნობით, მისიის ვიზიტი აფხაზეთში 2 მარტს იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)