საქართველო და აშშ ბირთვული კონტრაბანდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ

ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზების გასაუმჯობესებლად საქართველოსა და აშშ-ის შორის ერთობლივი დოკუმენტი გაფორმდა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

”დანართი გააღრმავებს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის მხრიდან დოკუმენტს, რომელზეც მუშაობა 2006 წლიდან მიმდინარეობდა, ხელი მოაწერა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, ხოლო ქართული მხრიდან  – საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრების მოადგილეებმა.

დოკუმენტით გათვალიწინებული ღონისძიებები ითვალისწინებს საზღვრებზე რადიაციული დეტექტორების დამატებით განთავსებას, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების სათანადო აღჭურვას, ინფორმაციის გაცვლას და ქართველი სპეციალისტების მომზადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)