ბაქრაძე რუსეთის მიერ შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის წახალისების საფრთხეზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე რუსეთის ზემოქმედებას არსებული ხელისუფლების შეცვლის მიზნით.

”ტანკით და ომის ასეთი ტიპის პრობლემის მოგვარება არ წყდება, თუ არ მიყევი ბოლომდე და არ გააკეთე ის, რასაც რუსეთის პრემიერი [ვლადიმერ პუტინი] საფრანგეთის პრეზიდენტს [ნიკოლა სარკოზის] პირდებოდა, რომ თბილისში ჩამოვიდოდა და საქართველოს პრეზიდენტს ჩამოახჩობდა,”- განაცხადა დღეს ბაქრაძემ კავკასიის ბიზნეს-სკოლაში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.

”სამხედრო აგრესიაზე ბევრად უფრო საშიშია არაპირდაპირი გზით რუსეთის მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და რუსეთის მხრიდან წახალისება შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის,”- განაგრძო მან, ”იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლების შესაცვლელად შეიძლება ტანკზე უფრო ეფექტური იყოს არასტაბილურობა და ქაოსი”.

პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ რუსეთმა ამ მიზნით გამოიყენოს ამჟამად მოსკოვში მყოფი ყოფილი პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები.   

”ვინც მოსკოვში აგრძელებს დღეს თავისუფლად მუშაობას და ბიზნესის კეთებას, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით არიან რუსეთის შესაბამისი სამსახურების მფარველობის ქვეშ,”- განაცხადა ბაქრაძემ. 

მან ეს განცხადება იმ პოლიტიკურ ფონზე გააკეთა, როცა ოპოზიციური ძალების უმეტესობა პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ მიზნით 9 აპრილს აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)