საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო მინისტრი ირანს სტუმრობენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ირანს სტუმრობენ.
1 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩეჰრ მოთაქის და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. ამავე ინფორმაციით, ასევე გაიმართა შეხვედრა ირანის მეჯლისის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარესთან ალაედინ ბორუჯერდისთან.
”მოლაპარაკებებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მარტს, ”მხარეებმა ხაზი გაუსვეს, აგრეთვე მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ვიზიტისას გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საკონსულო სფეროში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრებზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შექმნილი ვითარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები და ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება მომავალშიც და მიიღებს რეგულარულ ხასიათს”.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა საქართველოს დელეგაციას, რომ კავკასიაში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება დაეხმარება ამ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო ”ირნა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)