ვაშაძე: რუსეთი ეცდება მოკლას ჟენევის ფორმატი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთი შეეცდება ”მოკლას” ჟენევის ფორმატი, რადგან არ აწყობს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ დისკუსიის ინტერნაციონალიზაცია.

”ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დღეს, სადაც რუსეთი იმყოფება, ექმნება საფრთხე. ასეთივე საფრთხე ექმნება ეუთოს… რუსეთის ფედერაცია ცდილობს გაეროს მოკვლას [საქართველოში] და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ეცდება მოკლას ჟენევის ფორმატი,” – განაცხადა ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ თბილისი მოკავშირებთან ერთად ეცდება რომ ”ეს არ დაუშვას”.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამ ფორმატის დაშლას ”საკუთარი ხელით” არ განახორციელებს. მან დაასახელა 17-18 თებერვალს ჟენევის მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე მიღწეული შეთანხმება ინციდენტების აღკვეთის მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა რეალიზებასაც, მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს.

”ჟენევაში რუსეთის ფედერაცია სიტყვით ვითომ თანხმდება ამ მექანიზმების შექმნაზე, შემდეგ კი ვინმე [ცხინვალის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებზე, ბორის] ჩოჩიევის ან ვინმე [სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი] შამბას პირით და ხელით ამ დოკუმენტებს კლავს,”- განაცხადა მან, ”საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს დასახელება და ბრალის დადება იმაზე, ვინც ამ ოკუპაციის, აგრესიის  და საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემდეგ, არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)