პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში სოლანას შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 4 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, იტყობინება სოლანას პრესსამსახური.
ბრიუსელში გამგზავრებამდე გილაურმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეხვედრაზე ასევე იქნება განხილული ევროკავშირის დაპირება აგვისტოს ომის შემდეგ 500 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის თაობაზე.
ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა 20 იანვარს თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის იმ ”პოლიტიკურ პირობებს” შორის, რომლის თანახმადაც ევროკავშირი გამოყოფს 500 მილიონ ევროს მომდევნო სამი წლის მანძილზე.
გილაურმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს ასევე განიხილება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)