ბაქრაძე რუსეთს ჟენევის შეთანხმების იგნორირებაში ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რუსეთი და მისი ”მარიონეტული რეჟიმი” ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების შესახებ მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
”განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არ მუშაობს ჟენევაში მიღწეული შეთანხმდება ინციდენტების აღკვეთის თაობაზე,”- განაცხადა მან, ”და საგანგაშოა ის, რომ პირველივე ინციდენტის დროს, როდესაც მარიონეტულმა რეჟიმმა მძევლად აიყვანა საქართველოს ორი მოქალაქე, სამწუხაროდ, გამოჩნდა რომ არც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი და არც რუსეთი არ აპირებს შეასრულოს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილი იქნა ჟენევაში”.
თავის ლიტველ კოლეგასთან არუნას ვალინსკასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო ინციდენტი ”სერიოზული ტესტია” ევროკავშირისთვის, რომელიც ეუთოსთან და გაეროსთან ერთად შუამავლის როლს თამაშობს ჟენევის მოლაპარაკებებზე და 249 დამკვირვებელი ჰყავს ადგილზე.
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ 3 მარტს განაცხადა, რომ ოსი შეიარაღებული პირების მიერ ორი ქართველის დაკავების გარშემო არსებული სიტუაცია ”მოითხოვს გარკვეულ წინსვლას ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების განხორციელების კუთხით”, როგორც ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ 18 თებერვალს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს.
მხარეების მიერ ჟენევაში შეთანხმებული მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესაძლო ერთობლივ ვიზიტზე დაძაბულობის კერებში. შეთანხებული დოკუმენტი არ არის თვითგანხორციელებადი დოკუმენტი და მისი შესრულება მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)