შსს რუსული ვერტმფრენების დაზვერვით ფრენებზე იტყობინება
რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა 4 და 5 მარტს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოების თავზე დაზვერვითი ფრენები განახორციელეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
”დღეს 11 საათზე, რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან, კონკრეტულად გალის რაიონის სოფელ ფიჩორის მხრიდან, შემოფრინდა რუსული მი-8 და მი-24 ტიპის ვერტმფრენები. აღნიშნულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს და ფოტოები გადაუღეს განმუხურსა და ხურჩაში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს. ანალოგიური ფრენა რუსული ვერტმფრენების მიერ გუშინ, 4 მარტს, ორჯერ დაფიქსირდა,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული მხარე უარყოფს ამ განცხადებას. ”რუსული სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებს არ დაურღვევიათ საქართველოს საჰაერო საზღვრები,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)