სხეფერი: საქართველოს გამო რუსეთთან უთანხმოება კვლავ არსებობს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა 5 მარტს, რომ ალიანსი თვალს არ ხუჭავს იმ უთანხმოებებზე რომელიც კვლავაც არსებობს რუსეთთან საქართველოს გამო, თუმცა ამავე დროს აღიარებს იმ საერთო ინტერესებსაც, რომლებიც მოსკოვთან აკავშირებს.

”შარშან დეკემბერში, საქართველოს გარშემო არსებული კრიზისის შემდეგ, თქვენ შეთანხმდით ზომიერ პოლიტიკურ ჩართულობაზე რუსეთთან,” – განაცხადა სხეფერმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გახსნისას, ”ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ შესაძლო შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმალური შეხვედრების აღდგენა. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც შეესაბამება ნატოს და რუსეთის მნიშვნელობას ევროპული და რა თქმა უნდა, გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით”.

”მართალია ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს იმ სერიოზულ უთანხმოებებზე, რომელიც კვლავ რჩება ნატოსა და რუსეთს შორის, კერძოდ კი საქართველოს გამო, ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ აშკარა საერთო ინტერესებიც გვაქვს რუსეთთან,” – დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 4 მარტს, რომ ის ბრიუსელში 5 მარტს  ნატო-საქართველოს კომისიის ”რიგგარეშე შეხვედრაში” მიიღებს მონაწილეობას.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა გუშინ, რომ იგი არ გამორიცხავს, რომ ამგვარი შეხვედრა 5 მარტს გაიმართოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)