ნატო რუსეთთან საქართველოს ირგვლივ უთანხმოებებს განიხილავს
ნატომ მიიღო გადაწყვეტილება აღადგინოს ფორმალური ურთიერთობები რუსეთთან, რათა სხვა საკითხებთან ერთად განიხილოს ის ”ფუნდამენტალური უთანხმოებები”, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა.
ბრიუსელში 5 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ სტრასბურგში 3-4 აპრილს დაგეგმილი ნატოს ლიდერების სამიტის ”შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად” განაახლონ ნატო-რუსეთის საბჭოს ფუნქციონირება, მათ შორის მინისტრების დონეზე.
”ის, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით … არის რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მისი გადაწყვეტილება სამხედრო ბაზების მშენებლობის თაობაზე იქ – საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, მოდით ეს ნუ დაგვავიწყდება,” – განაცხადა სხეფერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების არშეშვება და რუსული ძალების არგამოყვანა იმ ადგილებიდან, რომლის დატოვებაზეც რუსეთმა ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით იკისრა, არის ის პუქტები, სადაც ”რუსეთი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს”. მისი თქმით, რუსეთის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან გამოსვლა ასევე წარმოადგენს ”გარკვეული შეშფოთების” საგანს ნატოს მოკავშირეებისთვის. მისი თქმით, ნატო ყველა ამ საკითხს დააყენებს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე.
”და მე ვიცი, რომ რუსეთსაც სურს ამ საკითხების განხილვა,” – განაცხადა სხეფერმა და დასძინა, რომ რუსეთთან, როგორც გლობალური მოთამაშესთან, საუბარი უნდა გაგრძელდეს.
გუშინ ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. შეხვედრის დაწყებამდე სხეფერმა განაცხადა, რომ მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ასევე იმაზე, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნატოს ამ რეფორმების განხორციელების კუთხით.
სხეფერმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიების ორივე შეხვედრაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ”კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ნატოს ძლიერ მხარხაჭერას” საქართველოსა და უკრაინის მისწრაფების მიმართ დაუახლოვდნენ ალიანსს და ასევე ალიანსის ”განზრახვას” დაეხმაროს მათ ამ პროცესში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)