ეკონომიკა ამ ეტაპზე ერთადერთ პრიორიტეტს წარმოადგენს-სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის ჩამოშლის თავიდან აცილებაა და დასძინა, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით შეიძლება.

”თქვენ იცით, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიცადა კრახი სომხეთის ეკონომიკამ. სომხეთმა კრახი იმიტომ განიცადა, რომ მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, როდესაც რუსეთის ბაზარი ჩამოიშალა და სომხეთის ეკონომიკასაც იგივე ბედი ეწია. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ჩვენს გარშემო ქვეყნებში ეკონომიკას შეექმნა სირთულეები. საქართველო გაძლებს, საქართველო გადარჩება სიძნელეების პირობებშიც კი, თუ გვექნება პოლიტიკური სტაბილურობა,” – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სამი წლის წინ ”თავისი ბაზრიდან გამოგვაგდო,” მაგრამ საქართველომ დროულად გაატარა რეფორმები.  

”ჩვენ ვიცით, რომ ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს; ჩვენ არ უნდა დავუშვათ უარესი რამე – ეკონომიკის ჩამოშლა და ეს არ მოხდება, რადგანაც ყველაფერი ჩვენი გეგმით განვითარდება,” – დასძინა მან.

პრეზიდენტმა ეს განცხადება წყნეთში ახალი სასტუმროს და გასართობი ცენტრის "კოპალა" გახსნაზე გააკეთა, რომელიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალეიშვილს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი მოსკოვში რესტორნების ქსელის მფლობელიცაა. სააკაშვილმა კოპალეიშვილს ”ნამდვილი პატრიოტი” უწოდა, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომისა, საქართველოში ინვესტიციების ჩადების გამო.

”ყველა ადამიანს, ვინც ასე იმუშავებს, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პრეზიდენტი იქნება მისი მთავარი მოკავშირე, ხოლო საქართველოს მთავრობა იქნება მისი მთავარი დამხმარე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”თუ ყველაფერი ჩვენი გეგმის თანახმად განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ ყველა სხვა პრობლემის მოგვარებას”.   
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)