გრიგოლიამ პირველი არხის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დატოვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს ”პოლიტიკური კვირა” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მან დატოვა არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა, რადგან არ ეთანხმება მენეჯმენტის პოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის მის გადაცემაში დაბლოკვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მისი ეს ნაბიჯი არ მოახდენს გავლენას მის თოქ-შოუზე, რომელიც კვლავაც გავა ეთერში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 10 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისთვის ეთერის დათმობა ”საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად მიაჩნია”, რადგან ის არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ”ძებნილი”. ოქრუაშვილი, რომელსაც შარშან ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარით სარგებლობს.
გრიგოლიამ, რომელმაც დაადასტურა მოლაპარაკებები ოქრუაშვილთან მისი თოქ-შოუში საფრანგეთიდან ჩართვის თაობაზე, განაცხადა, რომ არ ეთანხმება პირველი არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.
მან განუცხადა გაზეთ ”რეზონანსს”, რომ არხის გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი მისი ”მეგობარია” და არ ფიქრობს, რომ მისი ოფიციალური განცხადება ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)