საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან შეიკრიბება

საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე მომუშავე ჯგუფი მომავალი კვირიდან შეუდგება საქმიანობას მხოლოდ რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

12 მარტს ამოიწურა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ძალისხმევით შემუშავებულ ქცევის კოდექსთან პარტიების მიერთების ორკვირიანი ვადა, თუმცა მას არცერთი ახალი პარტია არ შეერთებია.

ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების სამუშაო პროცესს განსაზღვრავს, თავიდანვე შეუერთდნენ  საპარლამენტო პარტიები: ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, დემოკრატიული პარტია, ჩვენ თვითონ, ქართულმა დასი, ლეიბორისტები, ეროვნულ-დემოკრატები და ასევე არასაპარლამენტო პარტია მრეწველები.

ძირითადმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ჯერ ოპოზიციური ძალების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ კოდექსზე სამუშაო ფორმატი არის ”პროცესის გაწელვა” და ”ჩვენ არ ვთვლით მიზაშეწონილად ხელისუფლების სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას”.  მემარჯვენეებმა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უკვე წარმოადგინეს კოდექსის რეფორმირების საკუთარი წინადადებები.

თუმცა სამუშაო ჯგუფში მონაწილე პარტიები აცხადებენ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეძლება საარჩევნო კოდექსის განხილვას ნებისმიერ ეტაპზე შეუერთდეს, თუმცა, იმ პირობით, რომ უკვე განხილულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმების გადასინჯვა არ მოხდება.

ქცევის კოდექსის თანახმად, ჯგუფში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით და კონფიდენციალურობის რეჟიმში მიიღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)