”ბორჯომის” ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანია GG&MW იბრძოლებს

”მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” (GG&MW) ”ბორჯომის” მინერალური წყლების საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით დანიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური განაცხადით მიმართა.

ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დაინტერესებული კომპანიები და მათი რაოდენობა.

ეკონომიკის სამინისტრომ 17 თებერვალს გამოაცხადა ლიცენზიის გაცემაზე 20 მარტს დაგეგმილი აუქციონის შესახებ. აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი 8 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი განისაზღვრა ლარში, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25-წლიანი ვადით გაიცემა.

GG&MW-მა ბორჯომის მოპოვების 10-წლიანი ლიცენზია 1997 წელს მიიღო. 2007 წლიდან ლიცენზია ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა, ხოლო ამა წლის იანვარში მხოლოდ სამი თვით გახანგრძლივდა. GG&MW-ი ”ბორჯომის” სავაჭრო ნიშნის მფლობელიცაა. კომპანიამ თებერვალში განაცხადა, რომ მისი აქციონერები არ აპირებენ ბიზნესის გაყიდვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ განახლებული ლიცენზია სხვა რომელიმე კომპანიას ერგება.

GG&MW-ის მფლობელი 2002 წლიდან არის კომპანია Salford Capital Partners Inc. – საინვესტიციო ფირმა, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში არსებული ქონების მენეჯმენტსაც ახორციელებდა.

Salford Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი რუხაძემ თებერვალში გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიცენზიის მოკლევადიანი გაგრძელების გამო მისი კომპანია ”ბორჯომის” მოპოვებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაშია.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ კი თბილისის მერი გიგი უგულავა და მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდნენ მას გასულ წელს და უთხრეს, რომ GG&MW-ი რუსული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის სასარგებლოდ დაეთმო. რუხაძის თქმით, მან ამაზე უარი თქვა. 2007 წელს Wimm-Bill-Dann-მა შპს ”ქართული პროდუქტი” შეიძინა, რომელიც იმ დროს საქართველოს მესამე უმსხვილესი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)