რუსეთი სოხუმს და ცხინვალს 149 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას პირდება

17 მარტს რუსეთი ხელს მოაწერს შეთანხმებებს ცხინვალთან და სოხუმთან ორი სეპარატისტული რეგიონისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. დახმარების საერთო რაოდენობა 5.16 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 149 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს 2009 წელს.

”მიუხედავად იმ შემცირებისა, რომელიც შეეხო ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებს, 2009 წლის ფინანსური დახმარების მოცულობა რესპუბლიკებისთვის იგივე დონეზე დარჩა, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი,” – განაცხადა რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, აფხაზეთი 2.36 მილიარდ რუბლს, ხოლო სამხრეთ ოსეთი 2.8 მილიარდ რუბლს მიიღებს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ფინანსური დახმარება გამოყენებულ იქნება სახელმწიფო სექტორის თანამშრომლების ხელფასებზე, ბავშვების კომპენსაციებზე, პენსიებზე, მედიკამენტებსა და საკვებზე.

ცალკე დახმარების პაკეტის ფარგლებში, აცხადებს ფინანსთა სამინისტრო, ცხინვალი დამატებით 8.5 მილიარდ რუბლს მიიღებს იმ 10 მილიარდი რუბლის დახმარების პროგრამით, რომელიც აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრას უნდა მოხმარდეს. გასულ წელს ამ მიზნით უკვე გამოიყო 1.5 მილიარდი რუბლი აღდგენითი სამუშაოებისთვის, განაცხადა რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დახმარების თანხების დაგვიანებამ შეაჩერა სარეკონსტრუქციო სამუშაოები რეგიონში.

”ხალხმა ზამთარი აქ გაატარა და ისინი ოპტიმიზმით იყვნენ სავსე, რომ მარტში დაიწყებოდა აღდგენის აქტიური ფაზა, თუმცა ჯერჯერობით არაფერია,”- განუცხადა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ ”როიტერს”, ”ფინანსური კრიზისი სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს მთელი რიგი პროექტების დაფინანსებაზე… მხოლოდ ორი თუ სამი შენობაა, რომელთა აღდგენაც დასრულდა. დაახლოებით 10% ნაწილობრივ აღდგა. ყველა დანარჩენი იგივე მდგომარეობაშია, როგორც ქართული აგრესიის შემდეგ იყო”.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერდა მარტში, რომ რუსეთის განზრახვა პირდაპირ, სეპარატისტული ხელისუფლების ჩართვის გარეშე ეკონტროლებინა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარება მოსკოვსა და ცხინვალს შორის უთანხმოების წყარო გახდა, რამაც ასევე განაპირობა დახმარების შეფერხება.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)