რუსეთზე მომუშავე ამერიკული კომისიის რეკომენდაციები ობამას

აშშ-ს ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატებისა და კონგრესის წევრებისგან დაკომპექტებულმა ორპარტიულმა კომისიამ ურჩია ობამას ადმინისტრაციას შეეცადოს და გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან სხვადასხვა გზებით, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გადადების გზითაც.

27-წევრიან კომისიას, რომელიც ნიქსონის ცენტრისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საერთაშორისო საქმეთა ბელფერის ცენტრის ერთობლივი პროექტია, ყოფილი სენატორები – რესპუბლიკელი ჩაკ ჰაგელი და დემოკრატი გარი ჰარტი ხელმძღვანელობენ.

კომისიის მოხსენებაში, სახელწოდებით – ”რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის სწორი მიმართულება” – ნათქვამია, რომ აშშ-ის ადმინიტრაციამ უნდა აღიაროს, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის და ამის ნაცვლად უნდა შეიმუშაოს ალტერნატიული ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

აღიარებს რა ნატოს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების მნიშვნელობას, კომისიის რეკომენდაიებში ასევე ნათქვამია: ”არ მიგვაჩნია, რომ ამ მომენტისთვის უკრაინისთვის, ან საქართველოსთვის ნატო-ში გაერთიანება უსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების გადაუდებელ ინტერესს წარმოადგენს.”

”მართალია ორივე მათგანს სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია, მაგრამ მათმა ალიანსში გაწევრიანებამ, ამ ქვეყნებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო შეამციროს, ვიდრე გაზარდოს ევროპის უსაფრთხოება,” – ნათქვამია მოხსენაბაში და იქვეა მითითებული რომ ეს მითუმეტეს ვერ იქნება სასარგებლო იმის გათვალისწინებითაც, რომ აშშ და ნატო-ც ”ისედაც უკვე ბევრი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან.”

სანაცვლოდ მოხსენება სთავაზობს ამ ქვეყნებთან ”სპეციალურ ურთიერთობას… წევრობასთან დაახლოებულს”, რომელსაც ”შესაძლოა იგივე ფუნქცია ჰქონდეს, რაც წევრობას”, რათა არ მოხდეს საქართველოსა და უკრაინაში ალიანსში გაწევრიანებაზე ”გულის აცრუება”.

ნიქსონის ცენტრის ინფორმაციით, კომისიამ თავისი რეკომენდაციები ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს უკვე გააცნო, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს 10 მარტს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს.

აცნობიერებს რა რუსეთის ”ლეგიტიმურ ინტერესებს” პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის ხელი შეუშალოს რუსეთის ”დომინანტურ როლს რეგიონში, რომელიც ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს” და მხარი დაუჭიროს იქ არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.  

”აშშ-სა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთის სამეზობლოში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი უნდა აარიდოს ამ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ნულოვან-ჯამიან კონკურენციას,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”ამგვარი კონკურენცია აუცილებლად დააზარალებს ამერიკის ინტერესებს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთი თავად მდებარეობს ამ რეგიონში. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოცილების ან ამ რეგიონში რუსეთის კანონიერი ქმედებების დაბლოკვის მცდელობები წარმატებით დასრულდეს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)