სუბარი პრეზიდენტს შეწყალების ახალი კომისიის შექმნას ურჩევს
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს დაშალოს არსებული და შექმნას ახალი შეწყალების კომისია, რომლის გარეშეც ”არ უნდა ხდებოდეს არავის შეწყალება”.
”ასეთ შემთხვევაში გამჭვირვალე გახდება სახელმწიფოს და პრეზიდენტის პოლიტიკა მსჯავრდებულთა შეწყალების სფეროში, ნათელი მოეფინება, ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს, ხოლო შეწყალების კომისიას დაეკისრება მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და კანონის წინაშე,”- აცხადებ სახალხო დამცველი, რომელიც იმავდროულად შეწყალების კომისიის წევრიცაა.
სუბარი პრეზიდენტს, რომლის პრეროგატივა და პასუხისმგებლობაა შეწყალების განხორციელება, ურჩევს მოახდინოს უფლებამოსილებების დელეგირება შეწყალების ახალ კომისიაზე, რომელიც სანდო პირებით დაკომპლექტდება.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამჟამად შეწყალების სფეროში სრული ”განუკითხაობა და ქაოსია”, რის გამოც ფეხი მოიკიდა ”როგორც ჩვეულებრივმა, ისე პოლიტიკურმა კორუფციამ”.
მისი თქმით, შეწყალების კომისიის რეკომენდირებული პირები ისევ საპატიმროებში რჩებიან, მაშინ როცა თავისუფლდებიან პატიმრები, რომელთაც ვინ და რატომ მისცა რეკომენდაცია ბუნდოვანია.
”ხშირია შემთხვევები, როცა შეწყალებაზე უარი ეთქმებათ მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულთ და გარეთ გამოდიან მძიმე დანაშაულში (ნარკოტიკების გასაღება, წამება და განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება) მსჯავრდებულები,” – აცხადებს სუბარი.
ცოტა ხნის წინ გახმაურდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელი განახევრების ფაქტი, რამაც ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ამ ფაქტს ”პოლიტიკური შეცდომა” უწოდეს. ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული პირები პრეზიდენტმა ნოემბერში შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)