ალასანია აპრილის აქციებზე კონსოლიდაციის საჭიროებაზე საუბრობს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აუცილებელია 9 აპრილის აქციაზე და შემდგომ დღეებშიც მაქსიმალურად კონსოლიდირებულად იქნეს გამოვლენილი ხელისუფლების შესაცვლელად ქართველი ხალხის ნება.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები ცალკეულ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში.

”უკვე გვაქვს ინდივიდუალური კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლაში,” – განაცხადა დღეს ალიანსის ლიდერმა, ”ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს ძალები ერთად დგანან, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ ის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეკისრება ქვეყნის მომავალზე”.

ალიანსის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთან, რათა ”ხელისუფლების გადაცემა განხორციელდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციურ ფარგლებში”.

მან ეს განცხადება ალიანსში შემავალი ძალების – რესპულიკელებისა და ახალი მემარჯვენეების – მხარდამჭერთა შეკრებაზე გააკეთა, სადაც გაიმართა საქართველოს მასშტაბით სპეციალური შტაბების პრეზენტაცია.

”ჩვენი საქმე მაშინ იქნება გაკეთებული, როდესაც თქვენთან ერთად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც დაესწრებიან ასეთ შეხვედრებს,”- განაცხადა მან. 

მისი თქმით, დღეიდან ალიანსი ამ შტაბების მეშვეობით იწყებს ”სახალხო პლებისციტს” კითხვით – უჭერთ თუ არა მხარს უმოკლეს პერიოდში საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას? – რომლის შედეგებიც 31 მარტს გამოქვეყნდება.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ალიანსი არის  ”ყველაზე სერიოზული და ძლიერი ალტერნატივა სააკაშვილის რეჟიმის”; რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ ”გვაქვს ყველაზე უფრო ამბიციური და საპასუხისმგებლო ამოცანები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)