დენიელ ფრიდის შემცვლელი დასახელდა

11 მარტს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე  ფილიპ გორდონი წარადგინა, რომელიც დენიელ ფრიდს შეცვლის.

გორდონი თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მას სენატი დაამტკიცებს.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი, ფილიპ გორდონი, ბარაქ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს მისი ერთ-ერთი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში. იგი პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაშიც მსახურობდა ეროვნული უსაფთხოების საბჭოს ევროპულ საქმეთა განყოფილების დირექტორად.

გორდონი საქართველოს 2005 წლის ზაფხულში სტუმრობდა, რის შემდეგაც მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის მთლიანობაში დადებითად ახასიათებდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.  თუმცა იქვე აღნიშნავდა, რომ საქართველოს დემოკრატია დაცული არ იყო და იმდროინდელი ქართული დემოკრატიის პრობლემებს შორის სუსტ ოპოზიციას, მედიის თავისუფლების ნაკლებობას და საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალეობას ასახელებდა. გორდონი იმავე სტატიაში წერდა: ”პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით მთავრობას დააკლდა ყველაზე ეფექტიანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ხშირად აბალანსებდა ზოგ შემთხვევაში იმპულსურ პრეზიდენტ სააკაშვილს.”

გორდონი 2008 წლის მარტში – ნატო-ს ბუქარესტის სამიტის წინ – მოხსენებით წარსდგა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე და განაცხადა, რომ ნატო-მ აუცილებლად უნდა მიანიჭოს საქართველოსა და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). 

“რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების ამ [MAP] პროგრამაში მონაწილეობას და ამასთან, ორივე ამ ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადეს პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნები, რაც მიანიშნებს, რომ მათ უფრო მეტი პროგრესი ჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოო წევრობის საკითხი დადგეს. ამის მიუხედავად, მე მჯერა რომ ნატო-მ დადებითად უნდა უპასუხოს ამ ქვეყნების თხოვნას შეუერთდნენ MAP-ს,” – განაცხადა სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გორდონმა.

კონკრეტულად საქართველოზე, მან იქვე დასძინა: “ბოლო დროინდელი პრობლემების , მათ შორის სააკაშვილის მთავრობის მიერ 2007 წლის ნოემბერში ქუჩის აქციების დროს გადამეტებული ძალის გამოყენების მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრესი განიცადა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. არჩევნები, რომელიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩატარდა, სამართლიანად და თავისუფლად იქნა მიჩნეული, რომელშიც სააკაშვილმა ადვილად გაიმარჯვა.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)