ბაქრაძე: სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგისთვის გარემო, სამწუხაროდ, არ არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 19 მარტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისს აქვს სურვილი დიალოგი გამართოს სოხუმთან და ცხინვალთან, ამგვარი პირობები არ არსებობს რუსული ოკუპაციის გამო.
”ჩვენთვის მთავარი სიტყვა და მთავარი პროცესი დღეს არის დიალოგის პროცესი და მათ შორის, ამ დიალოგის ფარგლებში ჩვენ მზად ვართ გვქონდეს პირდაპირი დიალოგი, არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ გვინდა გვქონდეს პირდაპირი დიალოგის პროცესი იმ ხალხთან, ვინც დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მათი ე.წ. ხელისუფლების ან ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც,” – განაცხადა მან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ”ყველა დიალოგს სჭირდება ადექვატური გარემოს შექმნა, იმ გარემოს შექმნა, რომელშიც ეს დიალოგი მოიტანს შედეგს”.
”ასეთი გარემო დღეს, სამწუხაროდ, არც აფხაზეთში და არც ცხინვალში არ არსებობს, არ არსებობს იმის გამო, რომ ორივე რეგიონი არის ღიად ოკუპირებული რუსეთის მიერ და არ არსებობს იმის გამო, რომ ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიიღება სწორედ კრემლში და არა სოხუმში ან ცხინვალში. ამიტომ დიალოგის გარემოს შექმნის პირველი აუცილებელი პირობა გახლავთ სწორედ ის, რომ მოხდეს რუსეთის მიერ მისი ვალდებულებების შესრულება,” – განაცხადა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)