”წარმოადგინეთ ფაქტები ან შეწყვიტეთ ოპოზიციის დისკრედიტაცია” – მიმართავს ალასანია სააკაშვილს
ოპოზიციური მოძრაობის ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოუწოდა პრეზიდენტს 20 მარტს გაგზავნილ მიმართვაში, რომ წარმოადგინოს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ჯგუფს კავშირები აქვს კრემლთან, ან არადა შეწყვიტოს ”უსაფუძვლო კამპანია”.
”ბოლო ხანებში გახშირდა თქვენი და თქვენი თანაგუნდელების განცხადებები რუსეთიდან მართული თუ დაფინანსებული პოლიტიკური ძალებისა და მასშტაბური არეულობის გეგმების არსებობის შესახებ,” – ნათქვამია ალასანიას წერილობით განცხადებაში, რომელიც საგანგებო მიმართვად მოიხსენიება.
”შეგახსენებთ, რომ საზოგადოებას აქვს ზუსტად ისეთივე უფლება, იცოდეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების შესახებ, როგორიც ამ საკითხებზე მტკიცებით ტონში მოსაუბრე პარლამენტის წევრებსა და თქვენს სხვა თანაგუნდელებს,” – ნათქვამია განცხადებაში, ”თუ ეს ყველაფერი ოპერატიული მონაცემებია – რატომ აქვთ ეს ინფორმაცია აღნიშნულ პირებს და რატომ ახმოვანებენ მას; თუ ეს საჯარო ინფორმაციაა – რატომ არ იცის შესაბამისი ფაქტების შესახებ საზოგადოებამ?”
”წინადადებას გაძლევთ, უახლოეს დღეებში საზოგადოებას აცნობოთ შესაბამისი ფაქტები, რათა მოქალაქეები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში არ აღმოჩდნენ ჩათრეული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩავთვლით, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო პიარ-კამპანია, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების დაშინებასა და პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას,” – განაცხადა ალასანიამ.
დაზვერვის სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა 20 მარტს დეპუტატებს განუცხადა, რომ კრემლის მიზანია საქართველოში რეჟიმის შეცვლა ”დესტაბილიზაციისა და შიდა არეულობის გზით”.
თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”ვისზე აკეთებენ აქცენტს, როგორ აკეთებენ, ეს რომც ვიცოდე, დღეს არ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და იკვეთება რაღაც”.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა 20 მარტს, რომ დოკუმენტირებული მტკიცებულებების გარეშე არასწორია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე საუბარი, ”მაგრამ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, იმიტომ რომ რადგანაც არის ამგვარი ინტერესი მოსკოვში, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებიც შეეცდებიან ამ ინტერესებთან თამაშს”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 3 მარტს, რომ ”ბევრი ფული” ჩაიდო ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს, რომელიც ”კარგი საქმისთვის არ ჩნდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)