ტყეშელაშვილის და ლავროვის შელაპარაკება ბრიუსელის ფორუმზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 21 მარტს, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ეყოლება ლიდერები, ”რომლებიც ნამდვილად იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხის ინტერესებით”.
ლავროვმა ეს განცხადება მაღალი დონის ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ხავიერ სოლანა იმ დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც რუსეთის პოლიტიკას ეხებოდა და რომლის მოდერატორიც ფილიპ სტეფენსი იყო Financial Times-იდან.
ლავროვმა ეს განცხადება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის კომენტარის შემდეგ გააკეთა, რომელიც დისკუსიას აუდიტორიიდან უსმენდა და გამომსვლელებთან კითხვა-პასუხის პროცესში ჩაერთო.
”არც ვიცი შეიძლება თუ არა მქონდეს რაიმე შეკითხვა; რა შემიძლია ვკითხო რუსეთის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში?” – განაცხადა ტყეშელაშვილმა (იგი ინგლისურად საუბრობდა).
მისი თქმით, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც ”კვლავ დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ არ არსებობს ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო” და ასევე ”დისკომფორტს განიცდის” მისი მეზობლების დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გამო. ტყეშელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ვერ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
”მაპატიეთ თუ ძალიან ემოციური ვიყავი ჩემი კომენტარების დროს,” – ამით დაასრულა ტყეშელაშვილმა თავისი კომენტარები.
”ეკა ტყეშელაშვილო, მე მესმის თქვენი ემოციები,” – უპასუხა სერგეი ლავროვმა.
”მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იმედი მაქვს ქართველ ხალხს ეყოლება ლიდერები, რომლებიც ნამდვილად იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხის ინტერესებით, რომლებიც არ გასცემენ იმ ხალხის მოკვლის ბრძანებებს, რომლებიც, მათივე თქმით, მათი მოქალაქეები არიან, და რომელთაც ეცოდინებათ, როგორ უნდა სცენ პატივი მეზობლებს და ყველასთან მშვიდობიანად იცხოვრონ,” – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დისკუსიების დროს, სადაც ძირითადად რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე და ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურაზე გამახვილდა ყურადღება, საქართველოს საკითხი რამოდენიმეჯერ წამოიჭრა.
ხავიერ სოლანამ განუცხადა ლავროვს დისკუსიების დროს, რომ მოსკოვსაც უნდა ესმოდეს ის ”წუხილები”, რომლებიც ევროკავშირში არსებობდა აგვისტოს ომის დროს.
”ხავიერ, 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ წუხდით; აი ჩვენ კი აღშფოთებულები ვიყავით,” – უპასუხა ლავროვმა.
”ეს იყო აშკარა აგრესია და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს აღებული; ის გასცემდა სამშვიდობო ძალების და მოსახლეობის მოკვლის ბრძანებებს,” – დასძინა მან.
საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით ლავროვმა განაცხადა: ”რატომ ამბობს კვლავ ნატო, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, როდესაც საქართველოში არსებულმა რეჟიმმა სასტიკი ძალა გამოიყენა მისი ყველა საერთაშორისო ვალდებულების წინააღმდეგ?”
”გულწრფელები რომ ვიყოთ, არ მინდა ამის დამალვა – სანამ ბატონი სააკაშვილი გასცემდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანებებს, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობდით კონდოლიზა რაისთან,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ”და მე ინტენსიურად ვუმეორებდი მას – რატომ არ არწმუნებთ მას [სააკაშვილს], რომ ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. რატომ არ წყვეტთ მათ მომარაგებას თავდასხმითი იარაღით? და მან მითხრა, ნუ ღელავთ; და მე ასევე ვუთხარი, რატომ ექაჩებით ნატოში ყველაფერ ამასთან ერთად? და მან მითხრა, ნუ ღელავთ, თუ ის [სააკაშვილი] ძალას გამოიყენებს, მას შეუძლია დაივიწყოს ნატოს შესახებ. და აი, მან მართლაც გამოიყენა ძალა”.
პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე მონაწილეობს ბრიუსელის ფორუმში. 21 მარტს გვიან ღამით მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში, რომლის თემაც იყო საქართველოს – ომიდან ექვსი თვის შემდეგ. მასთან ერთად დისკუსიის მონაწილეები იყვნენ მირჩო დან გეოანა, რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე და ეკარტ ფონ კლედენი, გერმანიის ბუდესტაგის წევრი. დისკუსიის მოდერატორი იყო აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში რიჩარდ ჰოლბრუკი.
თუმცა, ეს დისკუსია, როგორც ამის შესახებ ფორუმის დღის წესრიგშია ნათქვამი, პრესისთვის დახურული იყო,
ირაკლი ალასანია, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი და სალომე ზურაბიშვილი ”საქართველოს გზის” ლიდერი ასევე მონაწილეობენ ბრიუსელის ფორუმში; თუმცა, ისინი ფორუმის დღის წესრიგში მოხსენიებულები არიან ”მონაწილეებს” შორის და არა ”გამომსვლელებს” შორის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)