საპარლამენტო ძალებმა შსს-ის მასალებზე კომენტარები გააკეთეს
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, იარაღთან დაკავშირებით შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო- მასალებს ”დამაჯერებლობა” აკლია, მაშინ როცა უმრავლესობა მიესალმება ”კრიმინალური დაჯგუფების” გამოვლენას.
შსს-მ 23 მარტს განაცხადა, რომ ათი ადამიანი, მათგან ცხრა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ასოცირებული პირები იარაღის უკანონო შეძენაში არიან ეჭვმიტანილები და ზოგიერთ მათგანზე ვიდეო-მტკიცებულებები გამოაქვეყნა. ბურჯანაძემ მომხდარი ”ტერორის კამპანიის” დაწყებად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შსს-მ განაცხადა, რომ ის არ ამტკიცებს, რომ იარაღის შესყიდვის უკან ”პოლიტიკური შეთქმულებაა”.
ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტებს დამაჯერებლობა სჭირდება და შსს-ს მოუწოდა გამოძიება იყოს მაქსიმალურად სანდო და ტრანსპარენტული.
”ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – რა არის ეს სინამდვილეში?”- განაცხადა თარგამაძემ 24 მარტს პარლამენტის სხდომაზე, ”ეს არის ფაქტების უხეში კომპილაცია იმისათვის, რომ ისედაც დაზაფრული საზოგადოება კიდევ უფრო დაიზაფროს და დაშინდეს, თუ საქმე გვაქვს რეალობასთან და ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და გამოძიების ისე წარმართვა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს პირდაპირ და ღიად გაცემული”.
დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრმა ასევე გაუსვა ხაზი საზოგადოების უნდობლობას შსს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიმართ.
”სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ისე აქვს გატეხილი სახელი, რომ გუშინ ვერავინ ვერ ვნახე, რომ დაეჯერებინა ეს კადრები. ყველანი ამბობენ, რომ შეუძლებელია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოკიდონ იარაღს,”- განაცხადა მან, ”მე უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ ბოლომდე, სანამ გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს”.
დეპუტატები უმრავლესობიდან მიესალმნენ შსს-ის ”ძალიან მაღალკომპეტენტურ” მუშაობას.
”საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც 18 წლის შემდეგაც ცდილობენ 90-იანი წლების სცენარის გამეორებას,”- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, ”არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან მაღალკომპეტენტური, კვალიფიციური და ზუსტი მუშაობა შსს-ს მხრიდან ამ კრიმინალური დაჯგუფების, ამ პოტენციური სახელმწიფო დამნაშავეების გამოვლენისა, ამ კრიმინალური სინდიკატის აღკვეთისა თავის ჩამოყალიბების პროცესში”.
”მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილებული იყოს იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამა თუ იმ მოტივაციით, ამა თუ იმ ძალების – გარე თუ შინაგანი მტრების წაქეზებით შეიძლება უკვე არიან შეარაღებული და მათ არ სჭირდებათ იარაღის შეძენა,”- აღნიშნა მან პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ესაა კრიმინალური მოქმედება, რომელიც ”ჩვენ თვალნათლივ ვიხილეთ”. ”ამ ხედვებს საერთო არ აქვთ არც ოპოზიციურ და არც რაიმე სხვა აზრთან,”- განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)