ეუთოს თავმჯდომარე: საჭიროა ეუთოს ყოფნაზე დებატების დეპოლიტიზირება
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა 23 მარტს, რომ ყველა მხარემ ”მოქნილობა” უნდა გამოიჩინოს რეგიონში ეუთოს დარჩენის თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად.
თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ბაკოიანისმა განაცხადა: ”ერთადერთი გზა ამის მისაღწევად არის დებატების დეპოლიტიზირება და ეუთოს დარჩენის პრაქტიკულ საჭიროებაზე ფოკუსირება… ყველა მხარის მოქნილობა არის მთავარი სიტყვა”.
მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებული 20 უიარაღო ეუთოს დამკვირვებლის მანდატის 30 ივნისამდე გაგრძელება, ეუთოს მისია საქართველოში დახურვის სტადიაში იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეკემბერში მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. მოსკოვი ცალკე მისიას ითხოვს სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც თბილისის მისიისგან დამოუკიდებელი იქნება. საქართველოს თქმით, მას თავისი ”წითელი ხაზები” აქვს და არ დაუშვებს იმას, რამაც შესაძლოა რუსეთის ”მარიონეტული რეჟიმების” ლეგიტიმაცია დაუშვას.
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისაა განწყობილი და თბილისი ”არ აპირებს იყოს მხარე, რომელიც არღვევს კომპრომისს”, თუ ასეთი კომპრომისი შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის. პრესკონფერენციაზე ბაკოიანისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ”კონსტრქციული მიდგომისთვის”.
ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ბერძნების წინადადება ეუთოს შემდგომი დარჩენისთვის ”კარგადაა მოფიქრებული” და წარმოადგენს ”საინტერესო საფუძველს დიალოგის დაწყებისა და კომპრომისის მისაღწევად”.
ბაკოიანისმა განაცხადა, რომ სიტუაცია ადგილზე კვლავ არასტაბილურია, ”რაც იწვევს სხვადასხვა რისკებს და გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო”.
”ამრიგად, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება ეუთოს მეტი და არა ნაკლები ყოფნა რეგიონში,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის უახლოეს პრიორიტეტს წარმოადგენს ეუთოს რეგიონში დარჩენზე კონსენსუსის მიღწევა – ”გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტალურ ღირებულებებს და პრინციპებს – ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; პრობლემების მოგვარება დიალოგის, დიპლომატიის და კომპრომისის გზით”.
”ჩემი მტკიცე შეხედულებაა, რომ სასწორზე არა მხოლოდ ეუთოს დარჩენა, არამედ სამშვიდობო პროცესიც დევს,” – განაცხადა ბაკოიანისმა, ”თუ ეუთო გამოვა პროცესიდან, ამით მთელ ჟენევის პროცესს საფრთხე შეექმნება; იგი სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება არავინ, ვისაც მოეწონება ამგვარი უარყოფითი განვითარების ხილვა”.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ”ვერ დარჩება და არ უნდა დარჩეს მარტო ადგილზე და ჟენევის მოლაპარაკებებზე. ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს ეუთოს”.
ევროკავშირი ეუთოსთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების შუამავალია და მას ჰყავს 249 უიარაღო დამკვირვებელი, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)